საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ ედუარდ შევარდნაძის მილოცვა გაზეთ "მენორას" 10 წლისთავთან დაკავშირებით.

გაზეთ "მენორას" რედაქციას

ძვირფასო მეგობრებო!

გულწრფელად გილოცავთ გაზეთ "მენორას" დაარსების 10 წლისთავს. "მენორა" ახალი, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველოს ხნისაა. მე მახსოვს, თუ რაოდენ რთული იყო მაშინ გაზეთის გამოცემა, მაგრამ ახალი საქართველოს პირმშო გაზეთმა გაუძლო დროის გამოცდას. "მენორა" მრავალსაუკუნოვანი ქართულ-ებრაული ურთიერთობის საკადრისი ტონითა და თავდაჭერილობით აშუქებს ორი უძველესი კულტურის მქონე ხალხის ურთოერთობას.

კაცობრიობისათვის საყურადღებოა ქართველი და ებრაელი ერების თანაცხოვრების წესი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საგანგებოდ აღვნიშნეთ საქართველოში ებრაელთა დასახლების 2600 წლისთავი. ეს ურთიერთობა არის უნიკალური, ამდენად მისაბაძი და განზოგადოების საგანი, გაზეთი "მენორა" კი ჩინებული მატიანე. ამიტომ ამ ათი წლის განმავლობაში ეს გაზეთი ქართული ჟურნალისტიკის განუყრელ ნაწილად იქცა. მე ვიცი, რომ მას ქართველი ებრაელები ინტერესით კითხულობენ ისრაელში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. გაზეთი "მენორა" ნამდვილად იქცა ორ ქვეყანასა და ხალხს შორის ჭეშმარიტების ხიდად.

კვლავაც წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო!

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე